ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - პროკურატურამ თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო უწყებამ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი - თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.

თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში, უაღრესად კარგი პიროვნებაა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ მაგრამ თამუნამ კარიერა აირჩია. არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებულ ფოტოებიც არის, ბაჩანასა და სამსახურის უფროსისგან განსხვავებით, ვისაც ტყუილად აბრალებენ, რომ თამუნას მოსწონდა. წავიკითხე ბატონი თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას თავის ჩვენებაში, -  ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის საქმეში უკვე თვეზე მეტია, ბაჩანა ლობჟანიძე ფიგურირებს, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი