პოლიტიკურ სახეს მიიღებს ეს ყველაფერი - ბაჩალიაშვილების აქცია პროკურატურასთან

გამოქვეყნდა:

ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ოჯახი პროკურატურის მიერ სატელიტით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებასა და საქმეში არსებული თვითმკვლელობის მუხლის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

დაღუპულის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ დასახელდეს საქმის ფიგურანტი სამი მაღალჩინოსნის ვინაობა. თამაზაშვილის მტკიცებით, აღნიშნული მაღალჩინოსნები იარაღით საერთაშორისო ვაჭრობაში არიან ჩაბმულნი და ყარაბაღის ომს აზერბაიჯანის წინააღმდეგ იარაღით ამარაგებდნენ.

გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან იარაღის შესაძენად და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში, - ამბობს იგი.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოჯახის გამოსვლები პოლიტიკურ სახეს მიიღებს და სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქციებს განაახლებენ.

პოლიტიკურში რომ გადაიზრდება ეს ყველაფერი, ყველას ვეღარ გააჩერებენ. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ და სანამ იქნებიან, მუდმივად დისკომფორტი შეექმნებათ. აუცილებლად ვაპირებთ აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან. დრონის ჩანაწერების ნახვას რა აზრი აქვს, როდესაც მოვითხოვე და უნდა ჰქონოდათ მაშინ არ გამოაჩინეს. ის მანქანა იქ არ იდგა, დრონის ჩანაწერები შემდგომში თავიდან ჩაწერეს, - განმარტავს თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი