Il 76-ის ორივე შავი ყუთი რუსეთის ხელშია | მასზე დაშვება საერთაშორისო გამოძიებას, სავარაუდოდ, არ ექნება

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ორივე შავი ყუთი უკვე ნაპოვნია, თუმცა ის რუსეთის საგამოძიებო უწყებების ხელშია და მასთან საერთაშორისო გამოძიებას დაშვება სავარაუდოდ არ ექნება. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიდება საბოლოო დასკვნა შავი ყუთების შესახებ. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა რუსეთმა მიზანმიმართულად ჩამოაგდო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომხდარის გამოძიება უმნიშვნელოვანესია. 

"უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა ჩამოვარდა. ფაქტები ახლა მთავარი სიტყვაა. დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც უკრაინას აქვს. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული მხარის მტკიცებით, ბორტზე 63 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი