ვერ ვნახეთ ნიშნები იმისა, რომ ილ-76-ის ბორტზე ამდენი ადამიანი იყო | ლუბინეცი ადასტურებს, რომ 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებული დმიტრო ლუბინეცი ადასტურებს, რომ 24 იანვარს სამხედრო ტყვეების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის ნამდვილად იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, ვერ გააკეთებს კომეტარს, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში ტყვეთა გაცვლის პროცესი, გუშინ ბელგოროდში, თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ - "სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის დიდი გუნდი მუდმივად ახორციელებს ყველა სამუშაოს გაცვლის უზრუნველსაყოფად".

"მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვისთან ვცდილობთ შეთანხმებას - რუსეთის ფედერაციასთან. ისინი ეშმაკურად იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ, ასევე ეშმაკურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. [...]

მე შემიძლია დავადასტურო ინფორმაცია, რომ გაცვლა ნამდვილად იყო დაგეგმილი და, როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ ჩვენი დაწესებულების წარმომადგენლები. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ გავაანალიზოთ ტყვეობიდან დაბრუნებული ჩვენი გმირების მდგომარეობა. ჩვენ ასევე ოფიციალურად ვაფიქსირებთ უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების დაკავების პირობებს, ვაკეთებთ ოფიციალურ ანგარიშს, რომელსაც შემდეგ ვაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოგვიანებით იურიდიულად უარვყოთ რუსეთის ფედერაციის ყველა უკანონო განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ თითქოსდა უღირსად ვექცევით რუს ტყვეებს", - თქვა ლუბინეცმა.

ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ქვეყანას, რომელსაც ისინი ტყვეობაში ჰყავს - შესაბამისად, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში:

"არა, უცნობია. ჩემი ინფორმაციით, დადასტურებით ვერ ვიტყვი, რომ იქ მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. იმ ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზზე დაყრდნობით, რაც ინტერნეტში ვნახეთ, თუ იქ ცხედრები იყო - ისევ ექსპერტი არ ვარ - მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე ფოტო ან ვიდეო, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები იქ იყვნენ, უკვე გამოიყენებდნენ.

ჩვენ ვერ ვნახეთ ნიშნები იმისა, რომ თვითმფრინავში ამდენი ადამიანი იყო – უკრაინის მოქალაქეები თუ უკრაინის არამოქალაქეები", - ამბობს ლუბინეცი.

24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი ილ-76. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ დაიღუპა 74 ადამიანი, მათ შორის 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც გაცვლისთვის გადჰყავდათ. მათივე მტკიცებით, თვითმფრინავი ხარკოვის რეგიონიდან სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩამოაგდეს.

კიევი ამას არ ადასტურებს. უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი