"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა. საინტერესოა, ვინ იქნება და ვინ არა მოქმედი სახელისუფლებო პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო პარლამენტში. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბრის არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და პარლამენტი კვლავ "ქართული ოცნების" დეპუტატებით შეივსება.
"ქართული ოცნების" სხვა წევრები, რომელთა გეგმებშიც დეპუტატობა აღარ შედის, თემურ ჭკუასელი და იოსებ მაკრახიძე არიან.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი მოქმედი დეპუტატი, ლადო კახაძე კი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ პარტიის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა იგი პროპორციულ საარჩევნო სიაში.
ეს არის იმ გუნდის გადასაწყვეტი, რომელიც აყალიბებს ქმედითუნარიან სიას. მაჟორიტარები ცნობილია. ცოტა ხანში, ალბათ, დაიდება პროპორციული სიის შემადგენლობაც. ამის შემდეგ, მე, როგორც გუნდის წევრს, მაქვს პირობა, რომ როგორც გუნდს სჭირდება ჩემი ასაკისა და გამოცდილების ადამიანი, ისე იქნება, - განმარტა კახაძემ.
ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, "ოცნების" პროპორციულ სიას ახალი წევრიც შეემატება. საუბარია ყოფილ ჟურნალისტსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის მეუღლე ეკა ბერიძეზე. ინფორმაცია ჯანგირაშვილმა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" გაავრცელა. თავად ეკა ბერიძე, "მთავარის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. ერთ-ერთ ახალ კანდიდატურად ამირან გამყრელიძე განიხილებოდა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამყრელიძემ წინადადებაზე უარი თქვა.