ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის ინფორმაციით, აღმოჩენილი ცხედარი ნამდვილად ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და ამას დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს.
დავით გუმბერიძის თქმით, ოჯახი ამ დასკვნას დღესვე გაეცნობა: "დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს".
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.