თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ ენდობა გამოძიების ვერსიას, რომ 23 წლის პროგრამისტმა თვითმკვლელობა გაუჩინარების წინა დღეს დაგეგმა, შეიძინა და შემდეგ მეორე დღეს, მაწევანის ტყეში 200-მდე აბი დალია. თეონა თამაზაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელობა დაგეგმილი იყო და ხუთ სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა მედიკამენტების მოგროვება სცენარის ნაწილი იყო.
ოჯახსა და ადვოკატს პროკურატურაში გამართულმა დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ უფრო მეტი კითხვა და ეჭვი გაუჩინა. მათი მთავარი მოთხოვნა, თუ ეს მართლაც თამარის დაგეგმილი თვითმკვლელობა იყო, დაემტკიცებინა გამოძიებას, რომ 5 დღის მანძილზე ავტომობილი იმ ტერიტორიაზე იდგა ისევ უპასუხოდ დარჩა.
ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეში გამოძიების ვერსია, რომ მხოლოდ ერთადერთია და ის დაგეგმილი სუიციდისკენ მიდის, პროკურატურაში გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნითა და 17 ივლისს ამოღებული კადრებით გახდა ნათელი. პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმეში სხვა პირი არ იკვეთება, გაუჩინარების წინა დღეს კი ის ეძებს და ყიდულობს ანტიდეპრესანტებს, საძილე და წნევისდამწევ საშუალებებს და სვამს თითქმის 150 აბს.
პროკურორი ამბობს, რომ მანქანაში ნაპოვნ ბოთლში გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზის დროს ამოსული პრეპარატებია გახსნილი. გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილიდან მხოლოდ მისი დნმ-ს ნიმუში ამოვიდა.
რატომ იყიდა თამარ ბაჩალიაშვილმა 200-მდე აბი სუიციდისთვის და რატომ იყიდა თვითმკვლელობისთვის გამიზნულ აბებთან ერთად გასახდომი ჩაი, რომელსაც ის ყოველდღიურად მოიხმარდა კითხვად რჩება, როგორც ოჯახისთვის, ისე გამოძიებისთვის.
ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ გუგლის საძიებო სისტემაში თამარ ბაჩალიაშვილი ყველა მედიკამენტსა და მის მოქმედებაზე მიიღებდა ინფორმაციას. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრად ნაკლებ პრეპარატსაც შეეძლო გარდაცვალება გამოეწვია, გაუგებარია რის გამო დასჭირდა მას ასჯერ მეტი მედიკამენტის მიღება.
ოჯახი სატელიტიდან ამოღებული კადრების გარდა, ირაკლი შოთაძეს აშშ-ში გაგზავნილ იმ დოკუმენტის გასაჯაროებას სთხოვს სადაც FBI-ის საქმეში ჩართვა მოითხოვეს. ასევე მათ აინტერესებთ, რატომ თქვა უარი გამოძიებაში ჩართვაზე FBI-მ. აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განმარტება მათთვის კიდევ ერთი ეჭვია, რომ შოთაძის უწყებამ ამერიკელ გამომძიებლებს დაუმალა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ამერიკული კომპანიის თანამშრომელი იყო და FBI-ის ჩართვაც სწორედ ამის გამო მოითხოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმეში არსებული ჩვენებების გასაჯაროებას გეგმავს, რაც მიხეილ რამიშვილის თქმით, დაადასტურებს, რომ გამოძიება ე.წ. კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს და პროგრამისტის საქმის გამოძიების გაჭიანურების ერთადერთი მიზანი ჩვენებებით იმ ფონის შექმნა იყო, რომ 23 წლის გოგომ თავი მოიკლა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.