გასახდომი ჩაი და პრეპარატები - ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას არ ენდობა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და არ გამორიცხავს, რომ მის შვილს დიდი რაოდენობით პრეპარატების შეძენა აიძულეს. მისი თქმით, მან ასევე შეიძინა გასახდომი ჩაი, რაც თეონა თამაზაშვილის თქმით, სუიციდის ფაქტს ლოგიკურად არ უკავშირდება.

თეონა ბაჩალიაშვილი გამოძიებისგან სატელიტიდან ამოღებული ფოტოების გასაჯაროებას ითხოვს, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა თამარის ავტომობილი ადგილზე გაუჩინარების დღიდან.

ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. დეგნანის თქმით, FBI-ის იურისდიქცია აშშ-ზე ვრცელდება და საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა საქმე ეხება აშშ-ს მოქალაქეს ან ქვეყნის ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას მას შემდგ ითხოვს, რაც საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ისინი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან, თუმცა სახელმწიფოსგან უარი უკვე მიიღეს. როგორც ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდგ, სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გუშინ, 3 აგვისტოს განაცხადა, აშშ-ს საგამოძიებო უწყება საქმეში არ ჩაერთვებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ  ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი