
უკრაინის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაკავების ორდერები გასცა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ყველა რუსმა სარდალმა, რომელიც უკრაინელებისა და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის ბრძანებას გასცემს, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს
"მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. დანაშაულები ჩადენილ იქნა რუსეთის მიერ 2022 და 2023 წლებში უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, დაბომბვის დროს.
ყველა რუსმა სარდალმა, რომელიც გასცემს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ბრძანებას, უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღსრულდება. ყველა ასეთი დანაშაულის ჩამდენმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს.
საერთაშორისო მართლმსაჯულება დროს მოითხოვს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა უკრაინელი ბავშვების, ქალებისა და კაცების მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსი მხეცები დაუსჯელი არ დარჩნენ. და ვერცერთი ვარსკვლავი მხარზე, ან კაბინეტის კარზე, ვერ დაიცავს მათ პასუხისმგებლობისგან." - წერს ზელენსკი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის შორეული ავიაციის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერხი კობილაში და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი ეჭვმიტანილები არიან 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე, უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.