აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ახალი სტადიონი საზეიმოდ 12 სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიხსენბა. მისი თქმით, გახსნის ღონისძიება აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღეს.
ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ძალიან ბევრი ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნა,- თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის და ქობულეთის გარდა ვირუსის კერები გაჩნდა ხელვაჩაურსა და ქედაში. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ თხოვა დაიცვან რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დადგენის მიზნით გრძელდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.