მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობაზე თანხმობას ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდება, მას ციხე ელოდება.
მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი კი არ არის, ის არის სატუსაღოს ბენეფიციარი. ის არის კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდებული და ბრალდებული. ის არის ორგანიზატორი დანაშაულებრივი სისტემის, - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთობა პირობითია და მათი საერთო ინტერესი მხოლოდ ნეგატიური საარჩევნო კამპანიაა.
შეუკვეთეს მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილი და ჩამოვიდა ვარშალომიძე. ის, რომ მიხეილ სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პრემიერობის კანდიდატად აყენებენ, ესეც აღიარებაა, რომ ეს არის კრიმინალური ოპოზიცია, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ქვეყანაში კი მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს.
"ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.