ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და წერს, რომ ეს საპარლამენტო არჩევნების წინ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას.
CPJ "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უკან გაიწვიოს კანონი. თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედიასაშუალებებს ანიჭებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას "საგარეო აგენტების" კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - წერს CPJ.
რა ხდება:
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" იქნება, ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა." მდინარაძის თქმით, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.
ასევე ნახეთ: