"გირჩი" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისეთ შეხვედრებს აანონსებს, სადაც პარტიული აგიტაციის გარდა, იქნება მუსიკა, ალკოჰოლი, კერძების დაგემოვნება და სხვა მსგავსი რიტუალები.
პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთი შეხვედრებს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა ხელს შეუშლის, პარტიისთვის ეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლად აღიქმება.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.
შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.
აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.
რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა- ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში, ღია ცის ქვეშ 200 ადამიანზე მეტის შეკრება და სარიტუალო დღესასწაულების მოწყობა აიკრძალა, თუმცა, აკრძალვა საარჩევნო აგიტაციას არ ეხება.