წაგების ფორმულა, რომელიც ივანიშვილმა დადო - ოპოზიცია ოცნების საარჩევნო სიაზე

გამოქვეყნდა:

"წაგების ფორმულა" - ასე აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, რომელიც პარტიამ გუშინ, 10 სექტემბერს წარადგინა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ სიის წარდგენით ივანიშვილმა ხალს კიდევ ერთხელ დასცინა.

მოქმედ პრემიერმინისტრს გახარიას, რომელიც გავრილოვის ღამის შემოქმედია, ასევე, კობახიძეს, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, სვამ საპარლამენტო სიაში, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ იმედი არ გაქვს, რომ შენი პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს. ეს სია, განსაკუთრებით პირველი ხუთეული, ოდიოზური ფიგურებით, არის წაგების ფრომულა, რომელიც დადო ბიძინა ივანიშვილმა, - თქვა ენმ-ს ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. 

პარლამენტის დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს და მას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აწყობს. მისი თქმით, საარჩევნო სიაში ეკონომისტები ფაქტობრივად არ არიან.

გუნდი, რომელიც გუშინ წარადგინა ქართულმა ოცნებამ, არ არის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს ეკონომიკური კრიზისიდან. ეს არ არის გუნდი, რომელიც დაძლევს სიღარიბეს, შეაჩერებს მიგრაციას, გაზრდის ხელფასს და მეტ ფულს დაუტოვებს ოჯახებს. ეს არის გუნდი, რომელიც შერჩეულია პრინციპით, რომ უტყვად შეასრულოს ბიძინა ივანიშვილის დავალებები, - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, სერგი კაპანაძემ.

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი სრული 20-ეული კი ასეთია: 

  1. გიორგი გახარია - პრემიერმინისტრი (კვლავ პრემიერობის კანდიდატი);
  2. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე; 
  3. ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე;
  4. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი;
  5. მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
  6. კახა კუჭავა - "ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
  7. გიორგი კახიანი -  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის წევრი 2013 წლიდან;
  8. მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  9. მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
  10. მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე; გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  11. მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი;
  12. გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი;
  13. ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი;
  14. მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე;
  15. შალვა პაპუაშვილი - იურისტი;
  16. დავით კაჭარავა - საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი;
  17. ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; 
  18. გიორგი ხელაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  19. მარიამ ლაშხი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
  20. ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს წევრი. 

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი