ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ალეკო ელისაშვილი და კიდევ 7 მაჟორიტარობის კანდიდატი. 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი საბურთალო იქნება. თუმცა, კორონავირუსმა, შესაძლოა, ამომრჩევლისთვის ეს მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი არჩევანი შეამციროს, რადგანაც 2 კანდიდატი ჯერჯერობით საარჩევნო კამპანიას აჩერებს. ლევან გოგიჩაიშვილსა და თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდგინდათ. დაავადების პირველადი წყარო ჯერ ისევ დაუდგენელია და ეპიდემიოლოგები კვლევას აგრძლებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საბურთალოს რაიონში, ირაკლი ოქრუაშვილი კონკურენტების ასეთ მდგომარეობას კორონავირუსთან მიმართებით ხელისუფლების ბუნდოვან და საეჭვო მოქმედებებს აბრალებს. ამბობს, რომ პრობლემები არამარტო საბურთალოს მაჟორიტარებს, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრს შეექმნება.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ირაკლი ოქრუაშვილი საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად 18 აგვისტოს დაასახელა. "ნაციონალური მოძრაობა" მას ღიად მხარს არ უჭერს. 27 ივლისს კი გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა და თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.