"ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი!" - სანდრო ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა

გამოქვეყნდა:

"ქართული მარშის" ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, რომელმაც აგვისტოს ბოლოს, გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა, კანდიდატურას ხსნის. 

როგორც მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, ჰქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დაუდგებოდა, თუმცა მის წინააღმდეგ კანდიდატურა ამ ოლქში "პატრიოტთა ალიანსმა" დააყენა. ბრეგაძე წერს, რომ გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ რომ "არ შეუშალოს ხელი ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ". 

საინტერესოა, რომ სანდრო ბრეგაძემ კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც 15 სექტემბერს, ტელეკომპანია "ფორმულამ" Edison Research-ის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში ჩანდა, რომ გლდანის ოლქში ოპოზიციის კანდიდატი, ნიკა მელია ლიდერობს. მას მხარს ამომრჩევლის 52% უჭერს, სახელისუფლებო კანდიდატ ლევან კობიაშვილს კი 33%.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბრეგაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აგვისტოს ბოლოს დააანნონსა. მაშინ "მთავართან" თქვა, რომ "გლდანელების უმეტესობა კონსერვატორულია" და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კანდიდატურის გლდანში დაყენება. 

შეგახსენებთ, რომ გლდანში კენჭს იყრიან:

  • გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ნიკა მელია;
  • "ქართული ოცნება" - ლევან კობიაშვილი;
  • "ლელო საქართველოსთვის" - გიგლა მიქაუტაძე;
  • "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ლაშა გიორგაძე;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - მერაბ ჭიქაშვილი. 

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი