თბილისის მერის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობა ყველა პარტიას ეძლევა და "ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დგას".
კალაძე ამბობს იმასაც, რომ საარჩევნო პროცესი გარკვეული რეგულაციების ფონზე ჩაივლის. დეტალებზე კი, მისი თქმით, ცესკო ისაუბრებს. "ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებას გააცნობს წესებს, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა არჩევნების დღეს".
ცნობისთვის, საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს, კორონავირუსის რეკორდული - 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.
საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ კი არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.