კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
"კურსკის რეგიონში, სასაზღვრო რაიონებში, რჩება მძიმე ოპერატიული ვითარება. რეგიონში მტრის ძალების შემოსვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის გადავწყვიტე, 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობა შემომეღო", - ამბობს ის.
რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობა ვრცელდებოდა უკრაინული შენაერთების მიერ რუსეთის საზღვრის გარღვევისა და კურსკის ოლქში ღრმად წინსვლის შესახებ.