საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძის გამოკითხვა იწყება. "სპუტნიკ ჯორჯიას" დამფუძნებელმა მაგისტრი მოსამართლის თანდანსწრებით გამოძიებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, საიდან მოიპოვა სატელიტის ის ფოტოები, რომელიც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს გადასცა.
"მაქვს ანალიტიკური სააგენტო რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევის შესახებ, ძირითადად საერთაშორისო ფორმატში," - ამბობს ფურცხვანიძე.
ჟურნალისტების შეკითხვას, რა ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას, პასუხობს: "რასაც შემეკითხებიან".
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული სატელიტის კადრები დამონტაჟებული და ყალბია. გარდა ამისა, პროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება.
ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პირი, რომელმაც სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დავით ფურცხვანიძეა. "მთავარი არხის" ცნობით, ფურცხვანიძე რუსული პროპაგანდისტული მედიის, "სპუტნიკ საქართველოს" წარმომადგენელია.
საგამოძიებო უწყებამ დავით ფურცხვანიძის სახლი უკვე გაჩხრიკა. ცოტა ხნით ადრე კი მან თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა საერთაშორისო აფიორასთანაა კავშირში და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს ასევე გაასაჯაროვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო. მათივე განცხადებით, გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.