ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მისი უპასუხისმგებლო ქცევისა და ევროკავშირის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერაზე, არ შეცვლის.
კითხვაზე, როგორ უპასუხებს ევროკავშირი არაბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის მუქარას, სტანო პასუხობს:
„ეს მხოლოდ პუტინის ძალიან უპასუხისმგებლო და მიუღებელი ქცევის გაგრძელებაა. მთელ მსოფლიოს უჩვენებს მის ნამდვილ სახეს;
ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარვყოფთ ამ საფრთხეებს. ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება“, - ხაზგასმით აღნიშნა სტანომ და დაამატა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება.
25 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ცვლის ბირთვულ დოქტრინას და მნიშვნელოვნად აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზების ჩამონათვალს.