"შორს შოთაძის სისხლიანი ხელები ამ ადამიანისგან"- ბაჩალიაშვილები ადვოკატის დაკავების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ჩამორთმევით პროკურატურა მის დაპატიმრებას შეეცდება, ამით კი გამოძიება საქმის გადაფარვას ცდილობს. 

ადვოკატის დაპატიმრების შემთხვევაში კი ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციებს აანონსებს. 

მიზანმიმართულად უნდათ რამიშვილის ჩამოშორება. იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მივმართავ შოთაძეს, შორს მისი სისხლიანი ხელები ამ ადამიანისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს იმას, რასაც ელოდება. რადგან ჯერ აქციებს არ ვაანონსებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადავიღალე, გადავიფიქრე ან მეშინია, - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.

მიხეილ რამიშვილი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში დღეს ისევ მივიდა. მისი ტელეფონის ექპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა. 

იმ დღიდან, როცა ამ საქმეში ჩავერთე, დაიწყო მუქარა, თვალთვალი და ცილისწამებები ჩემი მისამართით. ჩემს 23 წლის შვილს დაბურულმინებიანი მანქანა დაჰყვება. პროკურატურის თქმით, თურმე მე ვიცოდი, რომ ფოტოები იყო გაყალბებული და მათ ფალსიფიცირებას ვაორგანიზებდი, - ამბობს რამიშვილი. 

პროკურორი დავით გუმბერიძე კი ფიქრობს, რომ "რამიშვილი ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას გარშემო, თუმცა ეს მიმდინარე გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის". 

აქვე, მიხეილ რამიშვილის სოლიდარობის ნიშნად, წუხელ სამხარაულთან მივიდნენ სხვა საქმეების ადვოკატებიც. ვასილ მამულაშვილის თქმით, საფრთხიშემცველია თუ კი პროკურატურას ადვოკატების პირად ტელეფონებზე წვდომა ექნება. 

შეგახსენებთ,  პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს და რამიშვილი ამ საკითხზე მოწმედაა დაბარებული. კონკრეტულად საქმე სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებული და ყალბია. 

გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება. 

რამიშვილს აღნიშნული ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი