აქციის მონაწილეებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს, 10 ნოემბერს გზის გადაკეტვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე იბარებენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერს. 

მათ შორისაა ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდიც. "ხვალ, დილის 10 საათზე, ვინმეს ხომ არ გცალიათ რომ ჩემი ადვოკატი იყოთ, სასამართლო მაქვს", - დაწერა მან ჯგუფში "დაიტოვე". "მთავარი არხის" ინფორმაციით, სასამართლოში 29 ნოემბერსაა დაბარებული ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტიც.

"ხვალ 10:00 დამიბარეს საქალაქო სასამართლოში, ვარაზისხევის გადაკეტვაზე ხართ ჩემნაირები?" - წერს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, გოგა ფოლადაშვილი.

"მამაჩემი დაიბარეს გამოკითხვაზე - გზა გადაკეტაო, და აინტერესებთ, რატომ გადაკეტა და თუ მართლა მან გადაკეტა. ასე აპირებს ქართული ოცნების მართული სასამართლო ყველა იმ ადამიანის გამოკითხვას და დასჯას, ვინც აქციაზე იყო?" - წერს სოციალურ ქსელში თაზო მაჭარაშვილი.

"ხვალ დილით დამიბარეს სასამართლოში რაღაც გზა გადაკეტეო თუ რაღაცა", - დაწერა კიდევ ერთმა მოქალაქემ, თიკა პატარაიამ.

სამოქალაქო აქტივისტი გურო ცეცხლაძეც აქციის მონაწილეებისადმი თავდასხმაზე საუბრობს და წერს: "რამდენიმე წუთის წინ ჩემს მეგობარ ნინი ლიპარტელიანს დაურეკეს უსამართლო სასამართლოდან და ედავებიან 174 პრიმა მუხლით გზის გადაკეტვას, 10 ნოემბერს. სისტემა მაქსიმალურად ცდილობს თავს დაესხას აქტივისტებს და თავისუფალ მოქალაქეებს, რომლებმაც პროტესტი კანონიერ ფორმატში გამოხატეს. ნინის სასამართლო პროცესი 28 ნოემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული. ეს მინიმალური გამოვლინებაა ავტორიტარული რეჟიმის და რუსული დიქტატურის".

სასამართლოში, 17 ნოემბერს ვარაზისხევის მიმდებარედ "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" საქმეზეა დაბარებული "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ნიკა ფარულავაც. 

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს თბილისში ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, ასევე, ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის მიმდებარედ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი მივიდა და დაჯარიმებით დაემუქრა: "გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება თქვენი იდენტიფიცირება და აქციის ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარით".

[მასალა ახლდება]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი