მოვუწოდებ ქრისტიანულ სამყაროს, ვილოცოთ კავკასიისთვის - პაპი ფრანცისკე

გამოქვეყნდა:

რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებაში კავკასიას მშვიდობისაკენ მოუწოდა. ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო, პაპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ურჩია, მონახონ "კეთილმოსურნე და ძმური გზა" კონფლიქტის განსამუხტად. 

ამასთან, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, საჭიროა ლიდერებმა გამოიყენონ დიალოგი და მოლაპარაკებები და არა ძალა და შეიარაღება. ქადაგების დასასრულს, პაპმა ყველა ქრისტიანს მოუწოდა, ილოცონ მასთან ერთად კავკასიის მშვიდობისათვის. 

აქვე, დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი. 

მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადა; თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. 

ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები. 

ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი