საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი იმართება | ადგილზე მხარდასაჭერად სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პროცესი იმართება. სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. მსახიობი აქტიურად მონაწილეობდა ნოემბრის საპროტესტო აქციებში. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდების მხარე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

თეატრალური სფეროს წარმომადგენლებმა ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად გუშინ საპროტესტო მსვლელობა გამართეს, რომლის ფარგლებშიც თბილისში არსებულ ყველა თეატრთან მივიდნენ და ხელმძღვანელობას პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ საქართველოში მე-10 დღეა მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს. ევროპული გზის დასაცავად პროტესტს უკვე შეუერთდა თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი. ანტიევროპულ გადაწყვეტილებებს გაემიჯნა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი. გადადგა რამდენიმე ელჩი და რამდენიმე მინისტრის მოადგილე. თანამდებობა დატოვა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. დაპატიმრებულია ასობით ადამიანი, რომლებზეც დაკავების შემდეგ სასტიკად იძალადეს. დაკავებულთა შორის არიან "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. დაპატიმრებების პარალელურად საპოლიციო ძალები პარტიების ოფისებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებს ჩხრეკენ. გაჩხრიკეს პროტესტის ორგანიზატორი აქტივისტების სახლებიც.

არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. სანქციების დაწესებისთვის ემზადება აშშ, ევროკავშირი და კანადა. ამ ფონზე ივანიშვილის რეჟიმი მხარდაჭერას და შექებას იღებს კრემლისგან.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი