
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის აკვირდება აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტს ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე და მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.
ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკა მაქსიმალურად ეცდება, შეაჩეროს ძალადობა.
ამერიკას კარგი ურთიერთობები აქვს დაპირისპირებულ ქვეყნებთან, ამიტომაც ვეცდებით მათ შეჩერებას, - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.
ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.
ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.