„თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებში თურქეთი ჩაერევა, პროცესში რუსეთიც ჩაერთვება. ასეთ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რუსეთმა თურქეთსა და აზერბაიჯანზე სამხედრო დარტყმები თავისი ბაზებიდან მიიტანოს”, - ამბობს გლობალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ცენტრის სომხეთის განყოფილების ხელმძღვანელი, სტეფან გრიგორიანი.
ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს მხარდაჭერა თურქეთმა უკვე გამოუცხადა. გრიგორიანის თქმით, ამის მიზეზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გავლენის ზრდის ინტერესია - „ყარაბაღის გარდა, თურქეთი ომებს სირიაში, საბერძნეთსა და ლიბანშიც აწარმოებს“.
გრიგორიანის აზრით, ეს არის არა ომი ყარაბაღისთვის, არამედ, ავტორიტარული სახელმწიფოების, თურქეთისა და აზერბაიჯანის, ბრძოლა დემოკრატიული სომხეთის წინააღმდეგ, ამიტომ არაა გამორიცხული, კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდეს.
გრიგორიანი ფიქრობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩართვა საქართველომაც უნდა გააპროტესტოს, რადგან სამხედრო მოქმედებები საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ სომხეთს და აზერბაიჯანს, არამედ - კავკასიის მთელ რეგიონს.
თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლება, უკვე დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს, დიალოგისთვის თბილისში შეხვეხდრას სთავაზობს. პრემიერმინისტრის თქმით, მეზობელი ქვეყნები დიდ როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში, ამიტომ ყარაბაღში მშვიდობის დამყარება ყველას საერთო ინტერესს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო დაპირისპირებებს 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.