უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეუწყვეტია. ამის შესახებ ზელენსკიმ მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ, 90 დღით საგარეო გრანტების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"ვიცი, რომ არსებობს უამრავი ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა ადრე მხარს უჭერდა. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რაც შეიძლება უკრაინამ ვერ მიიღოს და რას ვაკეთებ მე. მე ვარ ორიენტირებული სამხედრო დახმარებაზე. არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს," - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს. მოგვიანებით პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის განკარგულება უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხებოდა.
[ფოტო: არქივი]