დავით-გარეჯის საქმეზე, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. ამის შესახებ მან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, სადაც ივერი მელაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს თეორიულად და პრაქტიკულადაც, - თქვა ივერი მელაშვილმა
მელაშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ყველაფერი გადაივლის.
საბოლოო შედეგი ალბათ ის იქნება, რომ არჩევნები გადაივლის და ყველაფერი დაწყნარდება... არ ვართ არც დამნაშავეთა რიგებში და არც იმის ღირსი, რომ ვინმეს ვიღაცამ ტალახი ესროლოს,- ამბობს მელაშვილი
რაც შეეხება კითხვებს, რომელიც დღეს მელაშვილს გამოძიებამ დაუსვა, როგორც ის ამბობს, პროკურატურა დაინტერესებულია 1936-37 წლების გამოცემული, ე.წ 200 000-იანი მასშტაბის რუკებით.
ძირითადად ეს შეეხებოდა ვიღაცების მიერ აღმოჩენილ ე.წ. 200 000 - იანი მასშტაბის 1936-37 წლებში გამოცემულ რუკებს და იმას, თუ რატომ არ იქნა ის გამოყენებული. რაც შეეხება რუკას, რაზეც ლაპარაკია, რომ თითქოს ამით საქართველო მოიგებს, საუბარი არ არის 1938 წლის რუკაზე, ეს არის 36-37 წლების გამოცემა. ჩემი განმარტება იყო, რომ არ შეიძლება მეორე მხარესთან საუბარი არასრულყოფილი მასალით. ის მასალა არის არასრულყოფილი, შეუთავსებელი სხვა რუკებთან და შესაბამისად, მიუღებელია, - თქვა ივერი მელაშვილმა
ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ეს რუკა არსებობს და კომისიის მაშინდელი წევრებისთვის ახალი არ არის. მისივე თქმით, ექსპერტების ჯგუფს ის შესწავლილიც აქვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ,1 ოქტომბერს დავით-გარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. გუშინვე საგამოძიებო უწყებაში, დაკითხვაზე დაიბარეს კომისიის ყოფილ წევრებიც.
ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.