EU უკრაინას კრიტიკული წიაღისეულის შესახებ "ორმხრივად მომგებიან შეთანხმებას" სთავაზობს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა უკრაინას "კრიტიკული წიაღისეულის" შესახებ საკუთარი შეთანხმება შესთავაზა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი კიევთან წიაღისეულ რესურსებზე წვდომაზე შეთანხმებასთან ახლოსაა.

ევროკომისარმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ მან კონკურენტი შეთავაზება ჩამოაყალიბა, რომელიც უკრაინელ ოფიციალურ პირებს 24 თებერვალს, კიევში ვიზიტის დროს წარუდგინა. სეჟურნე ამბობს, EU-ის შეთავაზება იქნება ორივე მხარისთვის მომგებიანი.

"იმ 30 კრიტიკული მინერალისგან, რომელიც ევროპას სჭირდება, უკრაინას 21-ის მიწოდება შეუძლია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ფარგლებში. დამატებული ღირებულება, რომელსაც ევროპა გვთავაზობს, არის ის, რომ ჩვენ არასოდეს მოვითხოვთ შეთანხმებას, რომელიც არ არის ორმხრივად მომგებიანი", - თქვა სეჟურნემ AFP-ის ცნობით.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ელის, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება ჩავიდეს ვაშინგტონში "ამ კვირაში ან მომავალ კვირაში", რათა ხელი მოაწეროს შეერთებულ შტატებთან უკრაინის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისგან მინერალური რესურსების უფლებების მიღებას ითხოვს, ვაშინგტონის მხარდაჭერის სანაცვლოდ. გარდა ამისა მას, სურს 500 მილიარდი დოლარის კომპენსაცია. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ორი შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე უარს ამბობს და ამბობს, რომ პირობები ზედმეტად მკაცრია.

"ხელს არ მოვაწერ შეთანხმებას, რომლის გადახდაც უკრაინის 10 თაობას მოუწევს", - თქვა ზელენსკიმ 23 თებერვალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი