გამოცემა Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის გამოეყენებინათ.
წყაროს ინფორმაციით, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა. მან ამ გადაწყვეტილებას "შერჩევითი" უწოდა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას კვლავ ექნება აშშ-ის იმ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ძალებზე თავდასხმისთვის იქნას გამოყენებული.
"სამწუხაროდ, დიახ [სწორია, რომ აშშ-მა შეწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება], მაგრამ არა მთლიანად. ეს არის შერჩევითი," - განაცხადა წყარომ.
მანამდე, 4 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის უკრაინის ტერიტორიაზე.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა.