რესპუბლიკელი კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინოს. ამის შესახებ The Hill-ის სტატიაშია ნათქვამი.
რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ამერიკული დახმარების შეჩერება სამხედრო მოქმედებებში სერიოზულ და საზიანო შედეგს გამოიწვევს. მათი აზრით, ტრამპს უფლება ჰქონდა დროებით შეეჩერებინა იარაღის მიწოდება უკრაინაში, რათა შეეფასებინა ომის პროგრესი, ზეწოლა მოეხდინა NATO-ს მოკავშირეებზე და შეექმნა ფანჯარა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამავდროულად, რესპუბლიკელი კანონმდებლები აფრთხილებენ ტრამპს, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი ხნის განმავლობაში შეკავებამ შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე, რაც ძირს უთხრის მის ბერკეტს რუსეთთან მოლაპარაკებებში.
ისინი ასევე ხაზს უსვამენ საჭიროებას დაუყოვნებლივ განახლდეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, რადგან კანონმდებლების თქმით, შტატებისთვის ამ ინფორმაციას არმიწოდება სარგებლის მომტანი არ იქნება.
რესპუბლიკელი სენატორი, ტომ ტილისი აცხადებს, რომ გამოცხადებული დახმარების გაყინვა "შეიძლება სასარგებლო იყოს პუტინისთვის". ტილისის თქმით, უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი და საბრძოლო მასალა ფრონტის ხაზების შესანარჩუნებლად, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო დახმარების შეჩერება დიდხანს არ გაგრძელდება.
"იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს ხანმოკლე იქნება", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა. მოგვიანებით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიიღო "მნიშვნელოვანი წერილი" ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელშიც მან გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის თაობაზე.
5 მარტს, გამოცემა Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის გამოეყენებინათ.
უკვე 6 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.