აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება. ეს განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა.
მოგვიანებით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიიღო წერილი ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელშიც მან გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის თაობაზე.
უოლცის თქმით, ზელენსკის წერილი იყო "კარგი, პოზიტიური პირველი ნაბიჯი". მისივე ცნობით, ოფიციალური პირები მსჯელობენ თარიღის, ადგილმდებარეობისა და მოლაპარაკებაში მონაწილე გუნდების შემადგენლობაზე.
"ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ნდობის აღდგენის ზომებზე, რომლებსაც შემდეგ მივმართავთ რუსებთან მიმართებით და შევამოწმებთ ამ მხარეს", - განაცხადა მან გადაცემა Fox & Friends-თან ინტერვიუში. ამასთან, უოლცს არ უთქვამს, რა იქნება ნდობის აღდგენის ზომები.