აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთი ვაშინგტონის ინიციატივას, რომელიც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ეხება, უნდა დათანხმდეს.
რუბიო ამბობს, რომ "ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა". ის იმედოვნებს, რომ კრემლი შეთანხმებას დათანხმდება.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეხვედრაზე "კონკრეტული ნაბიჯები გადადგა" და იმედოვნებს, რომ რუსეთი "საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს".
"სამხედრო მოქმედებები უნდა დასრულდეს. კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ მიზანი აქ - მშვიდობაა. ეს პრეზიდენტ ტრამპის მიზანია. კეთილი ნების საუკეთესო მაჩვენებელი, რომელიც რუსებს შეუძლიათ აჩვენონ - არის ინიციატივაზე დათანხმება, შეწყვიტონ სროლა, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს კეთილი ნების საუკეთესო გამოხატულება იქნება. იმედი გვაქვს, რომ ისინი "კის" იტყვიან, მშვიდობას ეტყვიან "კის". ბურთი ახლა მათ მოედანზეა", - თქვა რუბიომ.
გარდა ამისა, რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში ბევრი საკითხი უნდა გადაწყდეს, კერძოდ, დეპორტირებული ბავშვების დაბრუნება და სამხედრო ტყვეების გაცვლა.
ამავე თემაზე: