რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული РИА Новости კრემლზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრისას "კონფლიქტის მოგვარებისთვის" გარკვეული წინაპირობები დაასახელა.
მედიის თანახმად, პუტინმა მოითხოვა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა.
"კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მუშაობის მთავარი პირობა უნდა იყოს [უკრაინისთვის] სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა", - წერს მედია.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 19 მარტს, რუსეთი და უკრაინა პატიმრებს გაცვლიან ფორმულით: 175X175. ასევე, მოსკოვი კიევში გადაიყვანს 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს, რომელიც ამჟამად რუსეთში მკურნალობს.
"მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე იმუშავებენ. პრეზიდენტმა [პუტინი] გამოაცხადა მზადყოფნა, იმუშაოს ამერიკელ პარტნიორებთან სიტუაციის მოგვარების შესაძლო გზების შემუშავების მიზნით, რომელიც უნდა იყოს ყოვლისმომცველი, მდგრადი და გრძელვადიანი. კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აბსოლუტური აუცილებლობაა რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები უსაფრთხოების სფეროში", - წერს РИА Новости.
ნახეთ: თეთრი სახლის განცხადება ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე