„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთში 50-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესმენს, მეწარმესა და ფერმერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დახურულ სივრცეში, სუფრაზე უმასპინძლა.
სუფრა გაიშალა სოფელ კაბალშიც, სადაც ქადაგიშვილი ბაგა-ბაღების პედაგოგებს, ადგილობრივებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატი ირწმუნება, რომ ბიზნესმენებმა წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ლაგოდეხში მიღებაზე თავად დაპატიჟეს. კაბალში კი "ჩაიზე, წყალსა და კანფეტზე მიიწვიეს".
შეხვედრის შემდეგ სექტორს თვითონ აქვს სურვილი, რომ მცირედი მიღება გამართონ და, რა თქმა უნდა, ჩვენ თანახმა ვართ, ამ მიღებაში მივიღოთ მონაწილეობა. სუფრას რა ვიცი რას ეძახით, როდესაც ჩაის მოგართმევენ, წყალს მოგართმევენ და კანფეტს მოგართმევენ, თუ გინდათ სუფრა დაარქვით და თუ გინდათ ბანკეტი, - თქვა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, დახურულ სივრცეებში სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლი გამკაცრდა. ასევე, ძალაში დარჩა დახურულ სივრცეში ღონისძიებებისთვის 10-კაციანი შეზღუდვა, რომლის დარღვევაც შესაბამის სანქციებთანაა დაკავშირებული.