საზღვაო უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა აშშ-ს მიმართავს - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იმ შეთანხმების შესახებ საუბრისას გააკეთა, რომელიც საუდის არაბეთში, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად შედგა.
"დღეიდან ძალაში შევიდა 30-დღიანი ზავი შავ ზღვაში და ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვა. თუ პუტინი მას დაარღვევს, ტრამპისგან იარაღსა და სანქციებს მოვითხოვ", - ამბობს ზელენსკი.
"თუ დავინახავთ, რომ ირღვევა შეთანხმება, ამერიკულ მხარეს მივმართავთ ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომ რუსულმა მხარემ ეს დაარღვია“ - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.
როგორც თეთრი სახლი აცხადებს, უკრაინამაც და რუსეთმაც თანხმობა განაცხადეს , "უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და თავიდან აიცილონ სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში".
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, რუსეთის სამხედრო გემების გადაადგილება შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს მიღმა, ჩაითვლება "შეთანხმებების სულისკვეთების" დარღვევად და უკრაინას ექნება თავდაცვის უფლება.
უკრაინა და შეერთებული შტატები ასევე შეთანხმდნენ "შეასრულონ პრეზიდენტების შეთანხმებები უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სრული აკრძალვის შესახებ".
აშშ-მ უკრაინულ და რუსულ დელეგაციებთან 23-25 მარტს მოლაპარაკებები ცალ-ცალკე გამართა და ცოტა ხნის წინ ამ თემაზე ორი თითქმის იდენტური განცხადება გაავრცელა.
იხილეთ:
გარდა ამისა, აშშ-ის მიერ, რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს. კერძოდ, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთს დაეხმარება "აღადგინოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტისთვის“.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ამას ვერ დათანხმდება, რადგან ეს ასუსტებს ანტირუსულ სანქციებს:
"ეს შეხვედრამდე არ იყო დღის წესრიგში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსებმა დააყენეს საკითხი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებაში ამერიკული დახმარების შესახებ... ჩვენ არ წავედით, რომ ეს ჩვენს საერთო დოკუმენტში ყოფილიყო", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.