
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ განჯაში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 32 კი დაიჭრა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა Twitter-ზე დაწერა, რომ განადგურებულია განჯაში მდებარე აეროდრომი, თუმცა აზერბაიჯანმა უარყო განჯაში სამხედრო ობიექტების განადგურების შესაქხებ გავრცელებული ინფორმაცია.
ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ ამ წუთებში სომხეთის მიერ ცეცხლი შეწყვეტილია და აზერბაიჯანის მიმართულებით არანაირი დარტყმა ან შეტევა არ განხორციელებულა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ განჯაზე სარაკეტო შეტევა მისი ბრძანებით განხორციელედა, თუმცა ახლა ცეცხლი შეწყვეტილია, რათა შეტევას არ მოჰყოლოდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ოქტომბერს აზერბაიჯანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ქალაქი განჯა დაბომბა. მათივე ინფორმაციით, ქალაქი, რომლის მოსახლეობა 330 000-ზე მეტია სარაკეტო სისტემით დაიბომბა.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. განჯის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. აზერბაიჯანმა კი, ილჰამ ალიევის თქმით, 8 დასახლებული პუნქტი დაიკავა.