აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელი ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და ფიზულის რაიონის სოფელ გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.
“ფრონტის ხაზიდან ახლახანს დავბრუნდი. ყველგან შემართების და გმირობის განწყობაა. თავდაცვის არმია და სამეთაურო შტაბი თავიანთ მანდატს ბრწყინვალედ ასრულებენ. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, - წერს დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთინიანი.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, თავის Twitter-ზე ყარაბაღის რეგიონში რამდენიმე სოფლის აღების შესახებ საუბრობს.
"აზერბაიჯანმა კიდევ 8 დასახლებული პუნქტი აიღო: ტალიში, მეხდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი, გუიდჟაგი და ფიზულის რაიონის სოფელი აშაგი აბდურაჰამანლი“, - ვკითხულობთ ალიევის ბოლო განცხადებაში.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 3 ოქტომბერს დაკავებულ მადაგიზს სახელი შეუცვალა და „სუგოვუშანი“ უწოდა. მისი თქმით, ეს სოფლის ისტორიული სახელია.
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კი ირწმუნება, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში ერთობლივად მოქმედებენ. მისი თქმით, დაპირისპირებული ძალები სომხეთის წინააღმდეგ „პოლონეზისა“ და „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს იყენებენ. თუმცა, ისინი იბრძვიან არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის, არამედ, ზოგადად, სომეხი ერის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს. სომხეთში კი ფიქრობენ, რომ თურქეთის გააქტიურების შემთხვევაში, დაპირისპირებაში რუსეთიც ჩაერთვება.