კონფლიქტი მთიან ყარაბაღში - რა უნდა ვიცოდეთ დღის ბოლოს

გამოქვეყნდა:

27 სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მოვლენები სულ უფრო სწრაფად და ტრაგიკულად ვითარდება.

„მთავარი“ ყოველი დღის ბოლოს შემაჯამებელ აღწერას განახლების რეჟიმში გამოაქვეყნებს, რომელიც ორი დაპირისპირებული ქვეყნის ოფიციალური პირების, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ჩინოვნიკებისა და სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული.

6 ოქტომბერი, დაპირისპირების მეათე დღე:

  • სტეფანაკერტში ისევ აფეთქებების ხმა ისმის, მედიის ცნობით, ჭურვები ქალაქის გარეუბნებში ცვივა.
  • სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 5 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა - ამის შესახებ ცნობა პრემიერის აპარატმა დღეს გაავრცელა.
  • სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამე მთიან ყარაბაღში შედარებით მშვიდი იყო.
  • დაღუპული აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 27-დე გაიზარდა, დაჭრილია 141 - ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა იტყობინება.
  • მთიან ყარაბაღში დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე, 80 კი დაიჭრა - იტყობინება სომხური მხარე.
  • სომხეთის პრემნიერმინისტრმა ფაშინიანმა კონფლიქტის დაწყების დღიდან უკვე მეოთხედ დაურეკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მათ კონფლიქტი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ის "უმწვავეს ფაზაში გადავიდა, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას" - ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
  • თურქეთმა მთიან ყარაბაღში სირიელი მებრძოლები გადაისროლა - ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა და კონფლიქტის ესკალაციაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯიბ ტაიპ ერდოღანი დაადანაშაულა.
  • დღის ბოლოს აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, თუმცა, აზერბაიჯანულმა არმიამ ამ იერიშის აცილება შეძლო.

ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში იმყოფება "მთავარის" გადამღები ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად გვაწვდის განახლებულ ინფორმაციას და ამზადებს ფოტორეპორტაჟებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი