უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი, მომავალი კვირის დასაწყისში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ლონდონში გაემგზავრება. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
კელოგის განცხადებითვე, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა უკვე განიხილეს, ახლა კი კონკრეტულ შეთანხმებებზე გადასვლის დროა.
"ამ შეთანხმებების დასასრულებლად ლონდონში დავბრუნდებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს. ერთ-ერთია წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ასევე ცეცხლის ყოვლისმომცველი შეწყვეტა, რაც ზღვას, ჰაერს, ხმელეთსა და მრეწველობას გულისხმობს - სულ მცირე 30 დღით, შემდგომ კი მშვიდობის მუდმივ შეთანხმებაზე გადასვლით“, - ამბობს კელოგი.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 18 აპრილს გამართული მოლაპარაკებები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს შორის შეხვედრას, ასევე რუბიოსა და საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებსა და მომლაპარაკებლებს შორის დისკუსიებს მოიცავდა.