პატიმრის გარდაცვალების საქმე | იუსტიციის სამინისტრო კამერების დამონტაჟებულ ჩანაწერს აქვეყნებს [ვიდეო]

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრო პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას და კამერების დამონტაჟებულ ჩანაწერს აქვეყნებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ბრალდებულ ი.გ.-სთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.

ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.

ვიდეო N1 - 2025 წლის 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული ი.გ. გაყვანილი ჰყავდათ აბანოში, საიდანაც უვნებლად ბრუნდება საკანში.

ვიდეო N2 - 2025 წლის 22 იანვარს 13:16 საათზე ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე;

13:25 საათზე შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს);

13:32 საათზე პატიმარი დააბრუნეს საკანში.

ვიდეო N3 - 2025 წლის 23 იანვარს 08:09 საათზე მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები;

09:24 საათზე ჩატარდა საკნის დილის შემოწმება (საკნიდან არავინ არ გამოსულა) საკანში შევიდა თანამშრომელი, დაჰყო 1 წუთამდე და გამოვიდა;

09:32 საათზე დარიგდა საკვები;

11:24 საათზე მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი;

11:32 საათზე თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა), კარიდან ესაუბრებოდა 1 წუთამდე;

12:40 საათზე საკანთან მივიდა სოციალური დანაყოფის თანამშრომელი (არ შესულა), გაესაუბრა საამანათე დარაბიდან;

13:51 საათზე საკანთან მივიდა მომსახურე პატიმარი და ესაუბრებოდა საამანათე დარაბიდან;

14:03 საათზე დარიგდა საკვები;

14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში;

14:27 საათზე საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი;

14:51 საათზე პატიმარი ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან;

15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;

15:01 საათზე სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში;

15:19 საათზე სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში;

15:24 საათზე სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. „შლუზიდან".

15:58 საათზე ბრალდებული შეყავთ კლინიკა „ვივამედში“

გამოძიების შედეგები საზოგადოებას მისი დასრულებისთანავე ეცნობება. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ.-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს  დაიღუპა.

ადვოკატის თქმით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი