ყარაბაღის ომი გრძელდება, დღეს, 5 ოქტომბერს დაპირისპირებულმა მხარეებმა მშვიდობიანი ქალაქები დაბომბეს. აზერბაიჯანში, სიდიდით მეორე ქალაქი განჯა დაიბომბა. ოფიციალური ბაქო კი აცხადებს, რომ სომხეთის არმიას მინგეჩაურის წყალსაცავის დაბომბვაც სურდა.
დღეიდან "მთავარი არხი" ახალ ამბებს კონფლიქტის ზონიდან გაგაცნობთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრში, რომლიც ცოტა ხნის წინ დაიბომბა. შენობის ერთი ნაწილი ფაქტობრივად განადგურებულია.
ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ დაბომბვისას შენობაში სამოქალაქო პირები გადაადგილდებოდნენ და შესაძლოა, საკმაოდ დიდი მსხვერპლი ყოფილიყო.
რეპორტაჟის მიმდინარეობისას კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, თუმცა ჩვენთვის ამ დროისთვის უფრო მეტი დეტალი უცნობია. 9 საათის შემდეგ ადგილზე კომენდანტის საათია ამოქმედებული.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. განჯის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. აზერბაიჯანმა კი, ილჰამ ალიევის თქმით, 8 დასახლებული პუნქტი დაიკავა.