ლავროვი ამბობს, რომ გერმანელმა ექიმებმა ნავალნის სისხლში მომწამვლელი ნივთიერება ვერ იპოვეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებას საღი აზრის დაცინვა უწოდა და დასავლელი კოლეგების დამოკიდებულება "რუსოფობიურად" შეაფასა. მისი თქმით, მოსკოვი ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით სიმართლის დადგენით დაინტერესებულია:

რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება სწრაფად გავარკვიოთ სიმართლე ნავალნისთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე ისე ვითარდება, რომ მოსკოვის მიმართ ბრალდება გაჟღერებულია, ფაქტები კი ჯერ არ წარმოუჩენიათ, - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, ნავალნის სისხლში ბერლინის კლინიკა "ჩარიტეს" ექიმებმა მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. ეს მხოლოდ ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადასტურა.

ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით, ფრანგებმა და შვედებმა ნამდვილად თავად აიღეს ანალიზები თუ გერმანელებმა გადასცეს?! - ეჭვობს მინისტრი.

ამასთან, სერგეი ლავროვი ვარაუდობს, რომ დასავლეთი შეეცდება ნავალნისთან მომხდარი ინციდენტის გამოყენებას სანქციების დასაწესებლად და ხაზს უსვამს, რომ მოსკოვთან საუბარში გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების ტონი მიუღებელია.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ანომალია მალე გაივლის და ის ვერ გავრცელდება გერმანელების დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ, - დასძინა მინისტრმა.

დღეს გამოქვეყნდა "ლევანდა-ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც ნავალნის მოწამვლის შესახებ რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 33%-ს სჯერა.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. გერმანიის მთავრობის ცნობით, ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი