ჩინეთის საგარეო: მხარს ვუჭერთ ომის დასრულების ყველა ძალისხმევას, მათ შორის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას

გამოქვეყნდა:

ჩინეთმა კომენტარი გააკეთა უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივაზე და განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, მათ შორის ამ ინიციატივას -  ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა უკრაინული მედიის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით [როგორც ჩინეთი რუსეთის ომს უკრაინაში უწოდებს], ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული და ნათელია. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ძალისხმევა მშვიდობის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული“, - თქვა მან.

მისივე თქმით, პეკინი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეძლებენ სამართლიანი, გრძელვადიანი და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის.

„ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და კვლავაც ვამტკიცებთ, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გამოსავალია“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან ასევე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მსხვილი სახელმწიფოების, მათ შორის თურქეთისა და ჩინეთის მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა თანამშრომლობისთვის.

„ჩინეთი მზადაა, დაინტერესებული მხარეების სურვილების გათვალისწინებით, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან და გააგრძელოს კონსტრუქციული როლის შესრულება „კრიზისის“ მოგვარებასა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში“, - განაცხადა ლინმა.

შეგახსენებთ, ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს პოზიცია ასევე გამოთქვა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა.

თუმცა, პუტინი ამ წინადადებას არ იღებს და უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას უპირობოდ, თურქეთში სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა გუშინ უკრაინას მოუწოდა, დათანხმდეს ამ წინადადებას.

პასუხად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს პუტინს პირადად დაელოდება სტამბოლში. ჩავა თუ არა პუტინი იქ, ეს ამ დრომდე უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი