რა ფორმატით გაიმართება მოლაპარაკებები სტამბოლში | რუბიომ რუსულ დელეგაციას დაბალი დონის უწოდა და მთავარ იმედებს ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე ამყარებს

გამოქვეყნდა:

რა ფორმატით შეიძლება გაიმართოს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის დღევანდელი შეხვედრა სტამბოლში - როგორც უცხოური მედია წერს, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივი სიგნალები ვრცელდება.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, ხუთშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ისინი სტამბოლში "უკრაინასთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების გასამართად" ჩავიდნენ.

"ხვალ დილით, ფაქტობრივად დილის 10 საათიდან, ჩვენ ველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა ჩამოვიდეს" - განაცხადა მედინსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში, რომლითაც  სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დამტკიცდა, ნათქვამია, რომ დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს "მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებთან - თურქეთის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებთან, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან".

თავდაპირველად ზელენსკიმ სტამბოლში ვლადიმერ პუტინთან პირადი შეხვედრა მოითხოვა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში თავისი თანაშემწე მედინსკი გაგზავნა.

ერთი დღით ადრე, ანტალიაში მყოფმა ჟურნალისტებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ჰკითხეს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ფორმატი ორმხრივი იქნებოდა თუ მასში მონაწილეობას ამერიკული მხარეც მიიღებდა. რაზეც რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთმა სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია გამოგზავნა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა თურქეთის და აშშ-ის წარმომადგენლების თანხლებით გაიმართება.

"პირველ რიგში, ხვალ შევხვდები [თურქეთისსაგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს და უკრაინის დელეგაციას, უკრაინის მაღალი რანგის დელეგაციას, რომელიც ქალაქში იქნება. ჩვენი გუნდის წევრი რუსეთთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთვება. მათ აქ უფრო დაბალი დონის ჯგუფი გამოგზავნეს. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის გაიმართება - ჩვენი თურქი კოლეგების, ჩვენი გუნდის წევრის ან შესაბამისი დონის წევრების მონაწილეობით.

მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო. არ ვფიქრობ, რომ ხვალ რაც მოხდება, იმასთან დიდი მოლოდინები გვაქვს. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ აქ გარღვევის მიღწევის ერთადერთი გზა პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრაა. ამ საკითხში გარღვევის მისაღწევად ჩართულობის ეს დონეა საჭირო. არ მგონია, რომ ამ მომენტიდან რაიმე პროდუქტიული მოხდეს, სანამ ისინი ძალიან გულწრფელ და პირდაპირ საუბარს არ დაიწყებენ, რისთვისაც, როგორც ვიცი, პრეზიდენტი ტრამპი მზადაა."- განაცხადა რუბიომ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი