უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ - ფორმატი 1000 1000-ის სანაცვლოდ.
უმეროვის თქმით, მოსკოვი და კიევი ტყვეების გაცვლის კონკრეტულ თარიღზეც შეთანხმდნენ, თუმცა მისი დასახელებისგან თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება ომის დაწყებიდან დღემდე. ამასთან, უმეროვმა განმარტა, რომ მას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან შესაბამისი მანდატი ჰქონდა, რომ ტყვეების გაცვლის საკითხი განეხილა.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი და დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი ამბობს, რომ რუსული მხარე შეხვედრით კმაყოფილია და ტყვეების გაცვლა უახლოეს პერიოდში მოხდება.
მედიის ცნობით, სტამბოლში მოლაპარაკებები დასრულდა.