უკრაინის დაზვერვის ცნობით, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კრემლმა სოციალურ ქსელებში სპეცოპერაცია „ორმაგი“ გაააქტიურა.
დეპარტამენტი იუწყება, რომ სპეცოპერაცია გულისხმობს სოციალურ ქსელებში ვებსაიტებისა და გვერდების შექმნას, რომლებიც თავიანთი ვიზუალითა და შინაარსით რეალურ დასავლურ მედიას ჰგავს. ამ გვერდებზე კრემლის სპეცსამსახურები რეალური ამბების საფარქვეშ, დეზინფორმაციას ავრცელებენ.
პოლონელ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან, რუსული სპეცსამსახურები ავრცელებენ ცრუ და მანიპულაციურ შეტყობინებებს. კრემლის მთავარი გზავნილებია პოლონეთის მიერ, უკრაინის მხარდაჭერის კრიტიკა, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისკენ მოწოდებები და დონალდ ტუსკის მთავრობის პოლიტიკის დისკრედიტაცია. ამასთან ერთად, ასევე ვრცელდება შეტყობინებები, რომლებიც უკრაინის, როგორც პოლონეთის პოლიტიკაში „ქაოსის მთავარი ფაქტორის“ იმიჯს ქმნის.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება.