უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
ზელენსკი იმ მემორანდუმსაც ეხება, რომლის შესახებაც პუტინმა და ტრამპმა ისაუბრეს და აღნიშნავს, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, უკრაინა თავის ხედვას ჩამოაყალიბებს. ამასთან, ზელენსკის თქმით, რამდენადაც მას ტრამპთან საუბრიდან აქვს ინფორმაცია, მოსკოვს სურს უკრაინისთვის შესაბამისი მემორანდუმის გაგზავნა, რომელიც პრინციპებსაც განსაზღვრავს, თუმცა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"რამდენადაც მე მივხვდი, მათ პუტინთან, რუსულ მხარესთან განიხილეს, რომ შესაძლოა არსებობდეს შესაბამისი მემორანდუმი ორმხრივ ფორმატში, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს რუკამდე, რომელიც შემდგომში ომის დასრულებამდე, ანუ შეთანხმებამდე მიგვიყვანს. მემორანდუმი, რომელსაც მხარს დაუჭერს ყველა ან ორივე ქვეყანა, რომელიც ასევე მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, ასე ვთქვათ. ჯერჯერობით ეს ჩემთვის უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შემოგვთავაზებს მემორანდუმს და ვფიქრობ, რომ ეს საიდუმლო არ იქნება, რადგან ეს ინფორმაცია ყოველთვის როგორღაც ჩნდება საჯარო სივრცეში - ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან, შესაბამისი სიგნალების შემდეგ, რუსებისგან მემორანდუმის ან წინადადებების მიღების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხედვის შესაბამისად ჩამოყალიბებას, როგორც ჩვენ ვხედავთ მას... მე არ შემიძლია გიპასუხოთ, თუ რა იქნება შეტანილი მემორანდუმში, რადგან ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის ჩემი პრინციპები ისაა, რაც პრეზიდენტ ტრამპისთვისაა ცნობილი", - თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ არავინ გაიყვანს უკრაინულ ჯარებს უკრაინის ტერიტორიებიდან:
"ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, ეს ჩვენი სამხედროების მოვალეობაა, დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. დიახ, ახლა აგრესიის გამო ოკუპირებული ტერიტორიებია. და არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ტერიტორიებს, თავის ხალხს", - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, ეს საკითხი არაერთხელ განიხილეს პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან.
ამავე თემაზე: