საქართველოს პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში, საკანონმდებლო ცვლილებები ისე შეიტანა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მიზანმიმართულად უშლის ხელს ქვეყანაში ყველა სახის რეფორმის გატარებას. ამასთან, ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ოცნება" ეცდება, სასამართლო სისტემა ე.წ."კლანს" დაუქვემდებაროს.
სასამართლო სისტემის რეფორმები უნდა შევასრულოთ, თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. ივანიშვილს ეს არ სურს და სწორედ ამიტომ, მისი რეჟიმი, უნდა დავასრულოთ 31 ოქტომბერს, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი
თავის მხრივ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის რჩევები რიგითი რეკომენდაციებია და "ვითარების დრამატიზირება არ ღირს".
მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს სასამართლოს რეიტინგები ბევრი დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს სასამართლოს რეიტინგებზე მაღალია, - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში, ოპოზიცია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ხელისუფლება არ დაელოდებოდა ვენეციის კომისიას. მაშინ როცა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმირებაზე საუბრისას თავს იწონებენ, 2012 წლის შემდეგ გატარებული ძირეული რეფორმებით.