უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის სურვილს სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლის მიმართ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაადასტურა, რომ 2 ივნისს, სტამბოლში მოლაპარაკებებზე გუნდს აგზავნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, მოსკოვი "ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შემდეგი შესაძლო შეხვედრა უშედეგო იყოს".
"იმისათვის, რომ შეხვედრას აზრი ჰქონდეს, მისი დღის წესრიგი უნდა იყოს ნათელი და მოლაპარაკებები სათანადოდ მომზადებული", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი წინადადებები გაუგზავნა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა "მზადყოფნა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის". რუსეთს ჯერ არ გაუგზავნია უკრაინისთვის მოლაპარაკებების წინადადებები, რაც კიევის მთავარი მოთხოვნაა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობები თურქეთში განიხილება. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა.